მრავალი წლის გამოკვლევების შემდეგ, ახალ ზელანდიელმა მეცნიერებმა დაასრულეს ჩაძირული კონტინენტის რუკის შექმნა, რომელიც იმალება წყნარი ოკეანის სამხრეთ ნაწილში, ანტარქტიდასა და ავსტრალიას შორის. კონტინენტური ქერქის ეს ნაჭერი, რომელიც 83 მილიონი წლის წინ გამოეყო გონდვანას, ცნობილია ორი სახელით, როგორც ზელანდიის კონტინენტი, ან Te Riu-a-Māui (მკვიდრი მოსახლეობის მაორის სახელით).
„ახალი ზელანდია არ არის მხოლოდ რამდენიმე კუნძული“, ამბობს გეოლოგი ჯეიმს სკოტი (ახალი ზელანდიის ოტაგოს უნივერსიტეტიდან). ,,ეს რეალურად უზარმაზარი კონტინენტია, რომელიც ავსტრალიის ზომის თითქმის ნახევარია - უმეტესად წყალქვეშა.”
დედამიწის ქერქი ორგვარია - კონტინენტური და ოკეანური ქერქი. კონტინენტური ქერქის უმეტესი ნაწილი ოკეანეების დონის ზემოთ მდებარეობს და მოიცავს შვიდ კონტინენტს. მაგრამ კონტინენტური ქერქის ნაწილია კონტინენტური შელფიც, რომელიც ვრცელდება ოკეანის დონის ქვემოთ და რუკაზე ნაჩვენებია, როგორც ღია ფერის ადგილები სანაპიროსთან ახლოს.
ამ რუკიდან ჩანს, რომ ზელანდიის კონტინენტის (Te Riu-a-Māui) 95 პროცენტი არის ჩაძირული ოკეანის ქვეშ. სწორედ ის მიაჩნიათ ,,მსოფლიოს მერვე კონტინენტად". მისი ფართობი დაახლოებით 5 მილიონი კვადრატული კილომეტრი იყო. ახალი ზელანდია და მეზობელი კუნძულები კი წარმოადგენენ კონტინენტის ოკეანის დონის ზემოთ დარჩენილი ხმელეთის 5%-ს.
რატომ ,,კონტინენტი’’?
ზოგიერთი მეცნიერის აზრით, მიუხედავად იმისა, რომ ზელანდია ძირითადად წყალქვეშაა, იგი აკმაყოფილებს კონტინენტური სტატუსის ძირითად კრიტერიუმებს: ირგვლივ მდებარე ტერიტორიებთან შედარებით განსხვავებული გეოლოგია და კარგად გამოკვეთილ ტერიტორია, ტიპიურ ოკეანურ ქერქთან შედარებით სქელი ქერქი და სხვა თავისებურებები.
არის თუ არა ზელანდია ოფიციალურად ,,მერვე კონტინენტი’’?
ეს დამოკიდებულია ვის კითხავთ. ჯერ კიდევ მიმდინარეობს დებატები და დისკუსია გეოლოგებსა და გეოგრაფებს შორის. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ ზელანდია ჯერ კიდევ არ არის საყოველთაოდ აღიარებული, როგორც კონტინენტი, იგი სულ უფრო პოპულარული ხდება სამეცნიერო წრეებში.
Комментариев нет:
Отправить комментарий