понедельник, 26 февраля 2024 г.

სად არის მსოფლიოში ყველაზე ღრმა მდინარე?

   

   მდინარე კონგო არის ყველაზე ღრმა მდინარე მსოფლიოში როგორც მაქსიმალური, ასევე საშუალო სიღრმით. ქვედა დინებაში მდინარე კონგოს სიღრმე 219,5 მეტრია. მდინარე კონგო შეტანილია გინესის რეკორდების წიგნში, როგორც ყველაზე ღრმა მდინარე მსოფლიოში.

   მდინარე კონგოს ღრმა ნაწილებში მზის სინათლე ვერ აღწევს. ეს მდგომარეობა ქაოტურ დინებასთან, იზოლირებულ წყლის ჯიბეებთან და სხვა ექსტრემალურ პირობებთან ერთად ქმნიდა უნიკალურ ფაუნას. ამ ტერიტორიაზე აღმოჩენილია კურიოზული მორფოლოგიის მქონე თევზების სახეობები. სწორედ ამ უცნაური გარეგნობის არსებების (მოგრძო სხეულები, პიგმენტების ნაკლებობა და დაჭყლეტილი თვალები) აღმოჩენამ განაპირობა ის, რომ უცნაური ნიმუშების შესახებ მეტის გასაგებად მკვლევარებმა ჩაატარეს მათი ჰაბიტატის კვლევა, რის შედეგადაც მოულოდნელად ძალიან ღრმა ადგილები აღმოაჩინეს. დროდადრო, აგრესიული დინებები ზოგიერთ ,,უიღბლო'' თევზებს ბნელი სიღრმიდან ზედაპირზე ამოგდებენ, უიღბლოს იმიტომ, რომ ისინი იხოცებიან სწრაფი დეკომპრესიის გამო და ნაპირზე გამოირიყებიან. ალბათ მათი დამსახურებაცაა, რომ მდინარე კონგო ბევრი საშინელი ლეგენდებითაა გარემოცული.

   
  დამაინტრიგებელი სიღრმის გარდა, მდინარე კონგო ასევე ცნობილია იმით, რომ ის არის სიგრძით მეორე მდინარე აფრიკაში (მდინარე ნილოსის შემდეგ) და მეცხრე დედამიწაზე. იგი ორჯერ კვეთს ეკვატორს, სანამ საბოლოოდ ჩაედინება ატლანტის ოკეანეში.

   მდინარეს თავისი ხასიათის მიხედვით სამი ნაწილად (ზედა, შუა და ქვედა) ყოფენ და მისი უზარმაზარი აუზი მოიცავს ცხრა ქვეყანას, მათ შორის კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკას, კონგოს რესპუბლიკას, ცენტრალურ აფრიკის რესპუბლიკას, ზამბიას, ანგოლას, კამერუნს, ტანზანიას, გაბონს და ეკვატორულ გვინეას. მდინარე კონგო აუზი სიდიდით მეორე მდინარეა დედამიწაზე მდინარე ამაზონის აუზის შემდეგ. ეს უზარმაზარი ტერიტორია ასევე ხელს უწყობს მსოფლიოში სიდიდით მეორე ტროპიკული ტყის განვითარებას, ისევ ამაზონის ტყის შემდეგ. მის საზღვრებში არის წარმოუდგენელი ბიო და კულტურული მრავალფეროვნება. აქ გვხვდება დაახლოებით 10 000 სახეობის მცენარები, 1 000 სახეობის ფრინველი, 700 სახეობის თევზი და 400 სახეობის ძუძუმწოვარი ცხოველები, რომელთაგან ბევრი მხოლოდ კონგოს აუზისთვისაა დამახასიათებელი.

   მდინარის გასწვრივ ცხოვრობს 75 მილიონი ადამიანი, მათ შორის 150 სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფი, რომელთა ცხოვრების წესი მერყეობს ტრადიციული მონადირე-შემგროვებელი ბააკას ხალხიდან კინშასას (კონგოს დედაქალაქი) მჭიდროდ დასახლებულ ქუჩებამდე.

  P.S. 
მდინარე კონგოს ზაირსაც ეძახიან. 1971-1997 წლებში არსებობდა ქვეყანა ზაირი, რომელსაც 1998 წლიდან კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა ქვია.
  სიტყვა ,,ზაირი’’ მომდინარეობს კონგოური სიტყვა, ნზარე-დან (ნიშნავს ,,მდინარე, რომელიც ყველა მდინარეს ყლაპავს’’). სახელწოდება „კონგო“ მომდინარეობს კონგოს ეთნიკური მოსახლეობიდან, რომელიც მდინარე კონგოს აუზში სახლობს (ნიშნავს ,,მონადირეს’’).

https://www.worldatlas.com/rivers/where-is-the-world-s-deepest-river.html?fbclid=IwAR0Ma_aLYdEOYFHkgGu9QGWlAZlrImhc1Ne9lZoMAnvGILg8WZPRweqgsjw

ვულკანი ვილარიკა

   

   ვულკანი ვილარიკა არის სტრატოვულკანი, რომელიც მდებარეობს სამხრეთ ანდებში, ჩილეში, ლა-არაუკანიის რეგიონში, ვილარიკას ეროვნულ პარკში. ვულკანის სიმაღლეა დაახლოებით 2847 მეტრი, რაც მას ჩილეში ერთ-ერთ ყველაზე მაღალ ვულკანად აქცევს.
  ვილარიკა ცნობილია თავისი ხშირი ამოფრქვევებით და ლამაზი სიმეტრიული კონუსის ფორმით. ვილარიკას ფერდობები ხშირად თოვლით არის დაფარული, რის გამოც ვულკანის ფერდობებზე ხშირია ზვავები.

  ვილირიკას ერთ-ერთი გამორჩეული თავისებურება არის მუდმივი ლავის ტბის არსებობა მის კრატერში. ლავის ტბა ვულკანს განსაკუთრებულად მიმზიდველს ხდის, განსაკუთრებით ღამით, როცა თვალისმომჭრელ ლავას ხედავთ.



  ვულკანი ვილარიკა პოპულარულია ტურისტებსა და მთამსვლელებს შორის, რომლებიც სტუმრობენ ამ რეგიონს, შეუძლიათ ასვლა ვულკანზე რათა დატკბნენ მიმდებარე მთების, ტბებისა და ტყეების საოცარი ხედებით, თუმცა ვულკანის აქტიურობიდან გამომდინარე სიფრთხილეა საჭირო და ზევით ასვლა მხოლოდ გამოცდილი გიდების დახმარებითაა შესაძლებელი.

  ვულკანი ვილარიკა პერიოდულად აქტიურდება, ხდება ამოფრქვევები და ფერფლის გამოყოფა. ბოლო დიდი ამოფრქვევა მოხდა 2015 წელს. ხელისუფლება რეგულარულად აკვირდება ვულკანის აქტივობას, რათა უზრუნველყონ ადგილობრივი მოსახლეობის და ტურისტების უსაფრთხოება.

  ვულკან ვილარიკასთან მრავალი ლეგენდაა დაკავშირებული. ერთ-ერთი ასეთი ლეგენდა გვიამბობს მშვენიერ ინდიელ პრინცესაზე, სახელად ლაილაილაკა. ამ ლეგენდის თანახმად, ლაილაილაკა იყო ინდიელთა ერთერთი ტომის ბელადის ქალიშვილი. იგი ცნობილი იყო თავისი სილამაზითა და სიკეთით. პრინცესას შეუყვარდა ახალგაზრდა მეომარი მტრული ტომიდან. მამამისმა ეს რომ გაიგო განრისხდა, არ მიაქცია ყურადღება ლაილაილაკას თხოვნა-მუდარას და უბრძანა ცოლად გაყოლოდა სხვა მეომარს თავიანთი ტომიდან. ტკივილისა და მწუხარებისგან სასოწარკვეთილმა ლაილაილაკამ თვითმკვლელობა აირჩია და ვულკანის კრატერში გადახტა. ლეგენდის თანახმად, მისი სული ვულკანის აჩრდილად იქცა და ხშირი ამოფრქვევების მიზეზი სწორედ ლაილაილაკას ახალგაზრდა მეომრისადმი უსაზღვრო სიყვარულია.


1.https://www.google.com/maps/@-39.4198189,-71.938797,3a,75y,253.39h,83.68t/data=!3m8!1e1!3m6!1sAF1QipMOKGz2X0Ig-Z-PjLhTmxd9hbxpywHe1kD1wr4N!2e10!3e11!6shttps:%2F%2Flh5.googleusercontent.com%2Fp%2FAF1QipMOKGz2X0Ig-Z-PjLhTmxd9hbxpywHe1kD1wr4N%3Dw203-h100-k-no-pi-10-ya267-ro0-fo100!7i8704!8i4352?authuser=0&entry=ttu 
2.https://www.google.com/maps/place/%D0%92%D0%B8%D0%BB%D1%8C%D1%8F%D1%80%D1%80%D0%B8%D0%BA%D0%B0/@-39.4206722,-71.9394914,1256m/data=!3m1!1e3!4m6!3m5!1s0x961389c7dc586fa3:0x37939735bfdb0d4b!8m2!3d-39.4202534!4d-71.9396407!16zL20vMDd2X242?authuser=0&entry=ttu

суббота, 17 февраля 2024 г.

„მერვე კონტინენტი“

    მრავალი წლის გამოკვლევების შემდეგ, ახალ ზელანდიელმა მეცნიერებმა დაასრულეს ჩაძირული კონტინენტის რუკის შექმნა, რომელიც იმალება წყნარი ოკეანის სამხრეთ ნაწილში, ანტარქტიდასა და ავსტრალიას შორის. კონტინენტური ქერქის ეს ნაჭერი, რომელიც 83 მილიონი წლის წინ გამოეყო გონდვანას, ცნობილია ორი სახელით, როგორც ზელანდიის კონტინენტი, ან Te Riu-a-Māui (მკვიდრი მოსახლეობის მაორის სახელით).

   „ახალი ზელანდია არ არის მხოლოდ რამდენიმე კუნძული“, ამბობს გეოლოგი ჯეიმს სკოტი (ახალი ზელანდიის ოტაგოს უნივერსიტეტიდან). ,,ეს რეალურად უზარმაზარი კონტინენტია, რომელიც ავსტრალიის ზომის თითქმის ნახევარია - უმეტესად წყალქვეშა.”
    დედამიწის ქერქი ორგვარია - კონტინენტური და ოკეანური ქერქი. კონტინენტური ქერქის უმეტესი ნაწილი ოკეანეების დონის ზემოთ მდებარეობს და მოიცავს შვიდ კონტინენტს. მაგრამ კონტინენტური ქერქის ნაწილია კონტინენტური შელფიც, რომელიც ვრცელდება ოკეანის დონის ქვემოთ და რუკაზე ნაჩვენებია, როგორც ღია ფერის ადგილები სანაპიროსთან ახლოს.

   ამ რუკიდან ჩანს, რომ ზელანდიის კონტინენტის (Te Riu-a-Māui) 95 პროცენტი არის ჩაძირული ოკეანის ქვეშ. სწორედ ის მიაჩნიათ ,,მსოფლიოს მერვე კონტინენტად". მისი ფართობი დაახლოებით 5 მილიონი კვადრატული კილომეტრი იყო. ახალი ზელანდია და მეზობელი კუნძულები კი წარმოადგენენ კონტინენტის ოკეანის დონის ზემოთ დარჩენილი ხმელეთის 5%-ს.































რატომ ,,კონტინენტი’’?
  ზოგიერთი მეცნიერის აზრით, მიუხედავად იმისა, რომ ზელანდია ძირითადად წყალქვეშაა, იგი აკმაყოფილებს კონტინენტური სტატუსის ძირითად კრიტერიუმებს: ირგვლივ მდებარე ტერიტორიებთან შედარებით განსხვავებული გეოლოგია და კარგად გამოკვეთილ ტერიტორია, ტიპიურ ოკეანურ ქერქთან შედარებით სქელი ქერქი და სხვა თავისებურებები.
არის თუ არა ზელანდია ოფიციალურად ,,მერვე კონტინენტი’’?
   ეს დამოკიდებულია ვის კითხავთ. ჯერ კიდევ მიმდინარეობს დებატები და დისკუსია გეოლოგებსა და გეოგრაფებს შორის. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ ზელანდია ჯერ კიდევ არ არის საყოველთაოდ აღიარებული, როგორც კონტინენტი, იგი სულ უფრო პოპულარული ხდება სამეცნიერო წრეებში.

ვულკანი მასაია

  ნიკარაგუას გულში, ქალაქ მანაგუას სამხრეთ-აღმოსავლეთით 20 კილომეტრში, ზღვის დონიდან 635 მეტრის სიმაღლეზე, აღმართულია დიდებული მასაია, ვულკანი, რომელიც საუკუნეების განმავლობაში შთააგონებდა და აშინებდა ადგილობრივებს. ეს ფარისებრი ვულკანი არა მხოლოდ ქვეყნის სიმბოლოა, არამედ ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ვულკანია ცენტრალურ ამერიკაში, მდიდარი ისტორიით და მნიშვნელოვანი სამეცნიერო ინტერესით.



   ვულკანი შედგება ხუთი კრატერისაგან: სან-ფერნანდო, სანტიაგო, სან-ხუანი, ნინდრი და სან-პედროს კრატერი. 1772 წლიდან ლავა მხოლოდ ერთ სანტიაგოს კრატერში იფრქვევა. დანარჩენი ოთხი კი არ არის აქტიური და დიდი ხანია სძინავთ.





 
მეცნიერების ვარაუდით, ყველაზე დიდი ამოფრქვევა მასაიაზე მოხდა ჩვენს წელთაღრიცხვამდე 4550 წელს, რომელიც ყველაზე დიდი იყო დედამიწაზე ბოლო 10000 წლის განმავლობაში.



   ინდიელები მასაიას ეძახიან ,,პოპოგატეპე'', რაც ,,ცეცხლის მთას" ნიშნავ, ხოლო ესპანელმა დამპყრობლებმა, რომლებმაც ვულკანი პირველად აღწერე 1524 წელს, გაოცებულებმა მისი ძალით, მეტსახელად ,,La Boca del Infierno" - ,,ჯოჯოხეთის ყელი" შეარქვეს და კრატერის კიდეზე ,,ბოროტი სულების’’ განდევნის მიზნით ხის დიდი ჯვარი აღმართეს.



  ბოლო 50 წლის განმავლობაში ვულკან მასაიაზე მუდმივად ხდება ცალკეული აფეთქებები, რომლებსაც მოყვება მცირე რაოდენობით ორთქლისა და ვულკანური ფერფლის ამოტყორცნა. იყო რამდენიმე შემთხვევაც, როცა კრატერიდან ამოიტყორცნა 500 მეტრის მანძილზე 50-60 სმ დიამეტრის ქვებიც.



  მასაიას ვულკანი არის მუდმივი შესწავლის ობიექტი. Deep Earth Carbon Degassing (DECADE) პროექტი მონიტორინგს უწევს მის აქტიურობას, რაც საშუალებას იძლევა უკეთესი პროგნოზირება მოახდინოს მომავალი ამოფრქვევის შესახებ.



 ვულკანი მასაია არის პოპულარული ადგილი ტურისტებისთვის. 1979 წელს ვულკანის გარშემო შეიქმნა ეროვნული პარკი 5400 ჰექტარი ფართობით.
   2020 წლის 4 მარტს, თოკზე მოსიარულე ნიკ ვალენდამ ვულკან მასაიაზე მოაწყო გაბედული ატრაქციონი. მან გაიარა გავარვარებული ლავით სავსე კრატერის თავზე გაჭიმულ ფოლადის ბაგირზე.




   მასაიას ვულკანი არა მხოლოდ ბუნებრივი მოვლენაა, არამედ მრავალ ლეგენდის და მითის, პერსონაჟია.
   მასაიას ვულკანის შესახებ ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ლეგენდა დაკავშირებულია მის ადგილობრივ სახელთან ,,პოპოგატეპე". ლეგენდის თანახმად, ძველ ინდიელებს სჯეროდათ, რომ ვულკანის სიღრმეში ცხოვრობდა ძლიერი სული, რომელიც აკონტროლებდა ბუნების ცეცხლოვან ძალას. ეს სული დედამიწისა და ბუნების მფარველად ითვლებოდა. ინდიელები ამ სულს დასამშვიდებლად და ამოფრქვევის თავიდან ასაცილებლად მსხვერპლად პერიოდულად ახალგაზრდა გოგონებს სწირავდნენ. თუმცა, როდესაც ვულკანი კვლავ იწყებდა თავისი ძალის ჩვენებას, ინდიელებს სჯეროდათ, რომ ეს გამოწვეული იყო იმით, რომ ადმიანები არ ინარჩუნებდნენ ჰარმონიას ბუნებასთან, არღვევდნენ წონასწორობას, რის გამოც ცეცხლის სული ბრაზდებოდა და იწვევდა ვულკანის ამოფრქვევას.



  ასევე არსებობს ლეგენდები, რომლებიც გვიამბობენ, რომ მასაიას ვულკანი თავის ცეცხლოვან სიღრმეში წარსულის გამოძახილს ინახავს. ამბობენ, რომ უძველესი მეომრებისა და პატივსაცემი წინაპრების სულები ცხოვრობენ ვულკანის შიგნით, იცავენ მის საიდუმლოებებს და გავლენას ახდენენ მის ქცევაზე. ამოფრქვევები განიხილება, როგორც სულების ემოციების გამოვლინება, იქნება ეს სიბრაზე, სევდა თუ სიხარული, რომელიც ასახავს დედამიწის მღელვარე ისტორიას და მდიდარ კულტურულ მემკვიდრეობას.



  ერთერთი ლეგენდის თანახმად ვულკანთან ახლოს ცხოვრობდა ორ მამაცი მეომარი, რომლებიც ერთმანეთს ეცილებოდნენ ვულკანით მოჯადოებული ბელადის ქალიშვილის სიყვარულში. მათ, ჯადოქრობის მოსახსნელად, კრატერის სიღრმიდან ცეცხლოვანი ყელსაბამი უნდა ამოეღოთ. ერთმა ვერ გაუძლო ჯოჯოხეთურ სიცხეს და სამუდამოდ კრატერში დარჩა. მეორემ კი, კეთილგანწყობილი სულების დახმარებით, მიაღწია წარმატებას, მოხსნა ჯადო ქალიშვილის და მოიპოვა მისი გულიც.



  ეს ძველი ლეგენდები, რომლებიც დაკავშირებულია მასაიას ვულკანთან, არა მხოლოდ მატებს მას მისტიკურობას, არამედ ემსახურება ღრმა სულიერ კავშირს ნიკარაგუელ ხალხსა და ბუნებრივ გარემოს შორის. ისინი გვახსენებენ გარემოს პატივისცემისა და შენარჩუნების მნიშვნელობას და გვაწვდიან ინფორმაციას თაობიდან თაობას გადაცემული კულტურული შეხედულებებისა და ღირებულებების შესახებ. მასაიას ვულკანი, დღესაც, არა მხოლოდ გეოლოგიურ საოცრებაა, არამედ ნიკარაგუელი ხალხის შთაგონებისა და პატივისცემის წყაროა.